სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ 8 ნოემბერს ფილმის „And then We Danced“ პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოავლინოს შესაბამისი ძალისხმევა და მკვეთრი პოლიტიკური ნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად. უარყოფითად უნდა შეფასდეს ხელისუფლების უყურადღებობა ფილმის პრემიერამდე ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების განცხადებების მიმართ, რომლებიც საჯაროდ იმუქრებოდნენ და მხარდამჭერებს კინოჩვენების ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ. ხშირია აღნიშნული ჯგუფების გააქტიურება მაშინაც, როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფები ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილების გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ. სამწუხაროდ წარსულში მომხდარი არც ერთ ძალადობრივ შეკრებას ხელისუფლების მხირდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. უყურადღებოდ რჩება ასევე აღნიშნული ჯგუფების ლიდერების მოწოდებები ძალადობისკენ. ხელისუფლების შემწყნარებლური დამოკიდებულება უფრო მეტად ახალისებს აგრესიას და სახიფათო ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებას უწყობს ხელს. არსებულ ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ძალადობრივი ჯგუფების შესაძლო კავშირები რუსეთთან და ხელისუფლების ორგანოების ინერტულობა იმ საფრთხეების მიმართ, რაც ასეთი ჯგუფების გაძლიერებას შეიძლება ახლდეს თან. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს: 8 ნოემბრის ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების მიმართ დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით; გამოკვეთოს სიძულვილის მოტივი გუშინ ჩადენილი თითოეული დანაშაულის შემთხვევაში და შესაბამისი მოტივით ეფექტიანად წარიმართოს გამოძიება, რამაც საბოლოო ჯამში თითოეული დამნაშავის დასჯა უნდა უზრუნველჰყოს; შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატაროს ადეკვატური და ქმედითი ზომები 9 და 10 ნოემბერს დაგეგმილი კინოჩვენების სეანსების მშვიდობიანად ჩატარების მიზნით; ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს წინდახედულობა, უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფების მიართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე, შეიმუშავოს პოლიტიკა ამგვარი ჯგუფების გაძლიერების შესაჩერებლად და საზოგადოებაში უსაფრთხო, ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად", - წერია სამოქალაქო პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.